მთავარი კონტაქტი

RSS სიახლე თხოვნები

ფორუმი    
Movies Games








» 2008 » სექტემბერი » 21 » დემეტრაძე აზერბაიჯანში
დემეტრაძე აზერბაიჯანში
8:07 PM
დემეტრაძე აზერბაიჯანში
გასულ სეზონში გიორგი დემეტრაძე კიევის “არსენალში” ირიცხებოდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან შექმნილი პრობლემების გამო, მას სრულფასოვნად ვარჯიშისა და თამაშის საშუალება არ ეძლეოდა. იმის მიუხედავად, რომ ქართველ ფორვარდს კიეველებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებდა, მან უკრაინულ გუნდში დარჩენა არ ისურვა და კარიერას აზერბაიჯანის პრემიერლიგის წარმომადგენელ “ბაკიში” გააგრძელებს. დემეტრაძემ ახალ გუნდში ამხანაგური თამაშის ჩატარება უკვე მოასწრო და გოლიც გაიტანა. ბაქოელთა თავკაცის, მაკედონელი ჯოკიჩა ხაჯიევსკის თქმით, ქართველი თავდამსხმელი საქმეს სერიოზულად ეკიდება და ზედმეტი წონაც დაიკლო. ქვემოთ გთავაზობ ინტერვიუს, რომელიც დემეტრაძემ აზერბაიჯანულ ინტერნეტ-გამოცემა sports-ს მისცა.

ახალ გუნდში თავს როგორ გრძნობთ?
- გუნდში ნორმალური ატმოსფეროა და მეც “ბაკიში” გადმოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ კარგი ფეხბურთელები არიან შეკრებილი. განსაკუთრებით თანამემამულე ამირან მუჯირს გამოვარჩევ. ჩვენ ერთურთს დიდი ხანია ვიცნობთ - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც გვიასპარეზია ერთად, და მასთან წყვილში თამაში საკმაოდ მიადვილდება. სამშობლოში კი, მეტოქეები არაერთხელ ვყოფილვართ. ყველაზე ხშირად ეს საქართველოს თასის ფინალში ხდებოდა. იმხანად მე თბილისის “დინამოში” გამოვდიოდი, ხოლო მუჯირი - ბათუმის “დინამოში”.
- გამოდის, რომ “ბაკიში” თქვენს გადმოსვლაში საკუთარი წვლილი მუჯირსაც მიუძღვის. კიდევ რა ვარიანტები გქონდათ?
- აზერბაიჯანში ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთაგან უმეტესობას ვიცნობ. აქედან გამომდინარე, თამაში უფრო მიადვილდება. ისე კი, კარიერის გაგრძელების საშუალება რუსეთსა და ჩინეთში მქონდა. თუმცა, ჩინეთი ძალიან შორს არის და ამიტომ უპირატესობა აზერბაიჯანს მივანიჭე. საქართველო და აზერბაიჯანი მეზობელი ქვეყნებია, ჩვენი ხალხის მენტალიტეტი კი ერთმანეთს ჰგავს. რაც არ უნდა იყოს, კავკასიელები ვართ.
- რუსეთიდან პრემიერლიგის კლუბი გეპატიჟებოდათ, თუ პირველი ლიგის?
- რა თქმა უნდა, პრემიერლიგის. აბა, პირველ ლიგაში რა მესაქმება?! უბრალოდ, იმ გუნდის დასახელება არ მსურს.
- თუმცა, საბოლოო ჯამში აზერბაიჯანის პრემიერლიგა აირჩიეთ, რომელიც რუსეთისას დონით აშკარად ჩამოუვარდება. ეს ბოლო პერიოდში საქართველო-რუსეთს შორის განვითარებულ მოვლენებს ხომ არ უკავშირდება?
- დიახ. რუსეთსა და საქართველოს შორის უაღრესად დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რის გამო, რუსეთში დაბრუნება არ მსურდა და აზერბაიჯანში თამაში გადავწყვიტე.
- კარიერის განმავლობაში საქართველოს, ჰოლანდიის, რუსეთის, უკრაინის, ესპანეთისა და ისრაელის ჩემპიონატებში გამოდიოდით. ბაქოში ჩამოსვლა თქვენთვის უკანგადადგმული ნაბიჯი ხომ არ არის?
- მე ასე არ ვიტყოდი, რადგან აზერბაიჯანული ფეხბურთი ამჟამად აღმასვლას განიცდის. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ვითამაშო, ფული გამოვიმუშავო და წარმატებას მივაღწიო. სამი ქვეყნის - საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი. იგივე წარმატებას აზერბაიჯანშიც რატომ არ უნდა მივაღწიო? მე ამის გაკეთებას ვგეგმავ.
- თუმცა, აზერბაიჯანში სტადიონები არცთუ კარგ მდგომარეობაშია...
- ამას აქაური ფეხბურთის უმთავრეს პრობლემად ვთვლი. აზერბაიჯანულ სტადიონებზე მინდვრის ხარისხი ცუდია, რაც ფეხბურთელს თამაშში სერიოზულად უშლის ხელს.
- კიევის “არსენალთან” გარკვეული პრობლემა გქონდათ...
- ამჟამად, აღნიშნული პრობლემა თითქმის მოგვარებულია. ვფიქრობ, ამ საკითხის ფიფაში განხილვა საჭირო აღარ გახდება.
- პრობლემა ფინანსურ საკითხს უკავშირდებოდა?
- “არსენალს” ჩემი ვალი აქვს. კონკრეტულ თანხას ვერ დავასახელებ. უბრალოდ, გეტყვით, რომ კიეველებს საკონტრაქტო თანხა ჯერ არ გადაუხდია. პრინციპში, პრობლემები მხოლოდ “არსენალის” პრეზიდენტ ვადიმ რაბინოვიჩთან მაქვს, რომელიც ფეხბურთში ვერ ერკვევა. მერე რა რომ, ის ავტორიტეტული ადამიანი და ცნობილი მეწარმეა. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ დავა ჩემს სასარგებლოდ გადაწყდება.
- მიმდინარე სეზონში “ბაკის” ქვეყნის ჩემპიონატის მოგება და თასის მოპოვება სურს. გუნდის პოტენციალიდან გამომდინარე, ამის გაკეთება რამდენად რეალურად გესახებათ?
- ჩემი გამოცდილებისა და ოსტატობის ხარჯზე შევეცდები გუნდს მიზნის მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარო. აზერბაიჯანში ჩემი მორიგი ტიტულის მოპოვება მსურს. ვცდილობ, ადრინდელი სათამაშო ფორმა დავიბრუნო და შემდეგ ყველაფერი წესრიგში იქნება. მოკლედ, პრემიერლიგაში დებიუტს მოუთმენლად ველი.
:
: სიახლეები | : 580 | : nikamania2 | : 0.0/0 |
: 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:

[ | ]








     
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები | Designed By BeRo