ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რონალდო, მუხლზე გადატანილი სერიოზული ტრავმისა და მეძავეებთან დაკავშირებულ არაერთ სკანდალურ ისტორიაში გაბმის შემდეგ, ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ ფრანგული სპორტული გამოცემა Lequipe-ი იუწყება. “თებერვალში მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, თავს საუცხოოდ ვგრძნობ. ვფიქრობ, ფეხბურთს ორ-სამ თვეში დავუბრუნდები”, - განაცხადა რონალდომ, რომელიც ამჟამად რიო დე ჟანეიროში “ფლამენგოს” ბაზაზე ვარჯიშობს. ბრაზილიელის განცხადებით, დიდია შანსი, რომ კარიერის გასაგრძელებლად სამომავლო კლუბად “მანჩესტერ სიტი” აირჩიოს: “ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, ყველაფერი დადებითად გადაწყდება და იანვრიდან “სიტის” ფორმას მოვირგებ.” გასულ სეზონში, რონალდო “მილანში” გამოდიოდა და მძიმე ტრავმის გამო, იტალიის ჩემპიონატის დასრულება ვერ შეძლო. სეზონის დამთავრების შემდეგ, მას კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და დღესდღეობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.
: |