ტურინის “იუვენტუსის” 28 წლის თავდამსხმელი კარვალიო ამაური, რომელიც წარმოშობით ბრაზილიელია, დღე-დღეზე იტალიის მოქალაქეობის მიღებას ელოდება, რაც მას მომავალში ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თამაშის საშუალებას მისცემს. ინფორმაცია ამის შესახებ Sky Sport Italia-მ გაავრცელა. ამაურის ჯერ არცერთი ქვეყნის ნაკრების ფორმით არ უთამაშია. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელს ჯერ კიდევ აქვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, თუმცა თვითონ ფორვარდი ირწმუნება, რომ მისთვის პრიორიტეტული სწორედ “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში თამაშია და არა ბრაზილიელთა ეროვნული გუნდის ფორმის მორგება. “2001 წლიდან იტალიაში ვცხოვრობ. ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა, მე იტალიაში გავიზარდე და საფეხბურთო განათლებაც აქ მივიღე. მოკლედ, არჩევანის წინაშე რომ აღმოვჩდე, უპირატესობას აუცილებლად “სკუადრა აძურას” სასარგებლოდ გავაკეთებ. გუნდის თავკაცმა მარჩელო ლიპიმ უკვე მითხრა, რომ ჩემი გაიტალიელების პროცესს ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს და ამასთან, სამომავლოდ, ნაკრებში გამოძახება აღმითქვა. მანამდე კი, იტალიის ჰიმნს ვსწავლობ და ვოცნებობ, როდის მომიწევს დელ პიეროსა და დი ნატალესთან ერთად “აძურის” შემადგენლობაში თამაში”, - ამბობს ამაური.
: |